ამბავი, რომელსაც მოგვითხრობს არქიტექტურა — თბილისის აკრები
არქიტექტურა საუკეთესო ამბის მთხრობელია. ის გადმოგვცემს ადამიანების ცხოვრების წესს, მათ კულტურას, გემოვნებას, მოთხოვნილებებსა და მისწრაფებებს. ამიტომ, თუ გვინდა დავახასიათოთ თბილისი აკრების თვითმყოფადი უბანი, პირველ რიგში, ნება უნდა მივცეთ არქიტექტურას თავად ისაუბროს.
პირველი თვითმყოფადი უბნის, თბილისის აკრების აშენება გადაწყდა ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ფერდობზე, რომლის ხელშეუხებელი ველური ბუნება და ალაგ-ალაგ მოშიშვლებული ლაქები შესაძლებელს ხდიდა თანამედროვე ადამიანი დასახლებულიყო ბუნებაში ისე, რომ ბუნებრივი ქსოვილისთვის ზიანი არ მიეყენებინა და თან ფეხით სავალ მანძილზე ჰქონოდა ქალაქის ყველა ფუნქციური სივრცე.
ეს არის მოვლენა, როდესაც თავდაპირველად იქმნება უბნის არქიტექტურა და მხოლოდ შემდეგ ინდივიდუალური შენობების იერ-სახე. თბილისის აკრების არქიტექტურა განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ის ცოცხალია, რამეთუ უბნის კონტური მიჰყვება რელიეფს და იმეორებს ადგილობრივი ლანდშაფტის ფორმებს, ზედაპირებს და პეიზაჟს.
მთელი უბანი შეფენილია სამხრეთის მზიან გორაკზე. შორიდან მომზირალი თვალისთვის ფერდობის ძირი კარიბჭესავით მოსჩანს, შუაგულში მიწის ბუნებრივი რკალი, რომელსაც საცხოვრებელი სახლები უწყვეტი არქიტექტურით იმეორებს — ამფითეატრულ კონსტრუქციას მოგვაგონებს, ხოლო მწვერვალს გვირგვინივით ამშვენებს საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალური მოედანი, რომელიც თავისი მულტიფუნქციური სივრცეებით თბილისის ახალ მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა.
როგორც ცალკეული ზონები და შენობები, ისე მთლიანი პროექტი ტერასებისგან შედგება, რაც ქმნის უნიკალურ და შთამბეჭდავ პანორამულ ხედებს წყნეთის, კაკლების, თბილისის და მუხაწყაროს მიმართულებით.
დასახლებულ ზონებს შორის უზარმაზარი თავისუფალი სივრცეებია, რაც აგრეთვე ბუნებრივი ლანდშაფტის დამსახურებაა და თითოეულ საცხოვრებელ ტერიტორიასთან ვრცელ რეკრეაციულ ზონებს და მოედნებს, გამწვანებულ არეალებს, ბავშვთა მოედნებს, საპარკინგე სივრცეებს, სახანძრო, უსაფრთხოების, ლოჯისტიკურ და სოციალურ წერტილებს აჩენს. პროექტი მასშტაბურია, თუმცა დაპროექტებულია ისეთი პრინციპით, რათა მაცხოვრებლებისთვის ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილება კომფორტული იყოს.
აქ ყველაზე სუფთა ჰაერია თბილისის მასშტაბით. ეს არის დიდგორიდან წამოსული ჰაერის ნაკადების ერთგვარი კორიდორი, რომელიც ქალაქს ურბანული დაბინძურებისგან იცავს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, პროექტი ყველაზე სუფთა არტერიიდან იკვებება, ოღონდ, რა თქმა უნდა, დაბალი განაშენიანებისა და სწორი დაპროექტების დამსახურებით, ქალაქის განიავებას დაბრკოლება არ ექმნება.
გიორგი ჭყონია, მთავარი არქიტექტორი
-
62 ჰექტარზე გადაშლილი უბანი აბსოლუტურ ჰარმონიაშია ბუნებასთან, რომელიც დასავლეთიდან 90,000 კვ.მ. ბუნებრივი ლანდშაფტის და ტყის მასივის სახით ეკვრის. მიწის მხოლოდ 15% პროცენტი უჭირავს შენობებს, რომლებიც აერთიანებს ყველა ტიპის სოციალურ სივრცეს, მათ შორის: საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, მოსასვენებელ, გასართობ და სავაჭრო დაწესებულებებს, ხოლო 85% ან ბუნებრივი საფარია, ან დამატებით, დენდროლოგების მიერ გამწვანებული სივრცე, მხოლოდ და მხოლოდ იმ მცენარეებით, რომლებიც ადგილობრივ ფლორას ენათესავება.
უბნის არქიტექტურის ხასიათი იშლება ინდივიდუალურ შენობებშიც, რომლებიც იმდენად შერწყმულია ბუნებასთან, რომ ისინი სივრცეში საოცრად მსუბუქად იკითხება. ყველა შენობას ინდივიდუალური იერ-სახე აქვს და მინის, ხის, ქვის და გამწვანების გადათამაშებით ერგება მიმდებარე გარემოს. პროექტის თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მინის დიდი ვიტრაჟები აქრობს ზღვარს ბუნებასა და სახლს შორის, ხოლო ხისა და ქვის ბუნებრივი მასალებით, დედამიწის თბილი ტონებით და მწვანე საფარით სახურავზე, საცხოვრებელი და გარე სივრცე კიდევ უფრო მეტად ერწყმის ერთმანეთს.
დიდი ვიტრაჟებით შევეცადეთ თბილისის აკრების გარემო მაქსიმალურად შეგვეყვანა სახლებში, რაც ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს საზღვარი ბუნებასა და სახლს შორის დარღვეულია. ფართო აივნებითა და ღრმა ტერასებით, ბუნებრივი მასალებით და ფერებით, მაშინაც, როდესაც ადამიანი სახლშია, იგი მაქსიმალურ კავშირშია ბუნებასთან.
გოგა სამხარაძე, არქიტექტორი
თბილისის აკრები თავის არსით ჩანასახშივე მოვლენაა, რასაც მისი თვითმყოფადი არქიტექტურა — ანუ, სრული დამოუკიდებლობა, სიცოცხლისუნარიანობა და ბუნებასთან ჰარმონია განსაზღვრავს და ადამიანისთვის ამომწურავ შესაძლებლობებსა და კომფორტს ითვალისწინებს.
